მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში (მათ შორის, საკუთრების, იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით) არსებულ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტს, რომელიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროს და უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს, მომხმარებლის შიდა ქსელთან ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან დაერთებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.
სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრით პიკური დატვირთვის 20%-ის ათვისებამდე, სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარია 500 კილოვატი.
საცალო მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება განაწილების ლიცენზიატისთვის „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის“ გადახდის პირობით, ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად. საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს გამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე – გამანაწილებელ ქსელთან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს;
2027 წლის პირველ იანვრამდე მიერთებულ, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ჭარბ ელექტროენერგიაზე ვრცელდება საცალო ბაზრის წესებით განსაზღვრული ანაზღაურების ის პირობები, რომელიც მოქმედებდა ამ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომენტისთვის, კერძოდ:
ა) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა მაშინ, როდესაც სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის ზღვარი ათვისებული იყო – მის მიერ წარმოებულ ჭარბ ელექტროენერგიაზე გავრცელდება საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებული ნეტო დარიცხვის ანგარიშსწორების მექანიზმი;
ბ) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა მაშინ, როდესაც სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის ზღვარი არ იყო ათვისებული – მის მიერ წარმოებულ ჭარბ ელექტროენერგიაზე გავრცელდება საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებული ნეტო აღრიცხვის ანგარიშსწორების მექანიზმი;
გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელს უფლება აქვს წერილობით მოითხოვოს ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ ანგარიშსწორების რეჟიმზე გადასვლა, რომელიც მოქმედებს მოთხოვნის წარდგენის მომენტისთვის.
მკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც არსებული მომხმარებლის, ასევე ახალ ობიექტზე მიერთების მსურველის მიერ. შესაბამისად მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მსურველმა მოთხოვნის შესაბამისად უნდა გადაიხადოს:
ა) არსებული მომხმარებლის შიდა ქსელში დაერთების შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“;
ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში –დანართით №2 გათვალისწინებული „0,220კვ, 0,380 კვ, და 6/10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“;
გ) მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში (ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის) – დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელი მიერთებულია საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს ან გააჩნია ჭკვიანი მრიცხველი;
დ) სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდას, შიდა ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობისას, ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, ან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლის სიმძლავრის გაზრდას – სიმძლავრის გაზრდაზე წესებით გათვალისწინებული საფასური.
გამანაწილებელ ქსელში ინვერტორის საშუალებით ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმულ სიმძლავრედ განისაზღვრება ინვერტორის ცვლადი დენის მხარეს არსებულ დადგმულ სიმძლავრესა და მუდმივი დენის მხარეს წარმოების მოწყობილობების დადგმულ სიმძლავრეს შორის უმცირესი სიმძლავრე.“
50 კილოვატი და მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების (მათ შორის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის) მფლობელი მომხმარებელი, ვალდებულია ქსელთან მიერთების განაცხადს თან დაურთოს და სისტემის ოპერატორთან პერიოდულად განაახლოს ინფორმაცია ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ.
ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურება ხდება „ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურების შესახებ“ დასკვნის/აქტის საფუძველზე. აღნიშნული დასკვნა/აქტი უნდა მოიცავდეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების მოწყობისა და შიდა ქსელზე დაერთების ნაწილს, ასევე ინფორმაციას ამ წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის, სარეზერვო ან/და რემონტში გაყვანილი სიმძლავრეების თაობაზე.
როდესაც ადგილი აქვს 50 კილოვატი და მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნას, თუმცა განმცხადებლის მიერ განაცხადით მიმართვის დროს ვერ დასტურდება ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების განაცხადით მოთხოვნილი დადგმული სიმძლავრე, ასეთ შემთხვევაში „ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურების შესახებ“ აკრედიტებული პირის დასკვნა სისტემის ოპერატორს უნდა წარედგინოს მიერთების სამუშაოების დასრულებიდან 8 თვის ვადაში.
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის (მათ შორის, მომხმარებლის შიდა ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის) დადგმული სიმძლავრის ცვლილების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით სისტემის ოპერატორს
დაუშვებელია გამანაწილებელ ქსელთან 100 კილოვატზე მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება ან უკვე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის გაზრდა 100 კილოვატზე მეტ დადგმულ სიმძლავრემდე, როდესაც სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე აღემატება, ამავე გამანაწილებელი ქსელის პიკური დატვირთვის 20 პროცენტს. (სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში პიკური დატვირთვის 20% ათვისებულია)
თუ მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება გამანაწილებელ ქსელთან მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს (მაგრამ არაუმეტეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისთვის კომისიის მიერ დადგენილი დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარისა), სისტემის ოპერატორი აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფთს მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის პროცესის დაწყებისთვის (სისტემის ოპერატორთან შესაბამისი განაცხადით მიმართვისათვის) ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის მომხმარებლის (ან მომხმარებელთა ჯგუფის) გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრესთან შესაბამისობაში მოყვანისთვის განუსაზღვრავს არანაკლებ 20 დღიან ვადას, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი წინასწარ არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ტექსტური შეტყობინებით გაფრთხილების შემდეგ შეწყვეტს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ან იმ მომხმარებლის მომარაგებას, რომლის შიდა ქსელზეც დაერთებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.
თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისთვის კომისიის მიერ დადგენილი დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარს, ამ ფაქტის დაფიქსირებიდან ელექტროენერგიის წარმოების საშუალება კარგავს წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს და ჩერდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დარიცხვის და ანგარიშსწორების პირობები.
2024 წლის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალურმა პიკურმა დატვირთვამ შეადგინა 1098 მგვტ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის #19 დადგენილების 21 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად ქსელზე დასაშვები მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მაქსიმალური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 219,6 მგვტ-ს. 2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ქსელზე მიერთებული და განაცხადებით მიღებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრემ გადააჭარბა ქსელზე დასაშვებ სიმძლავრეს.
დანართი №4
| ძაბვის საფეხური, კვ | სიმძლავრე, კვტ | აღრიცხვის სისტემის მოწყობის ვადა (სამუშაო დღე) | მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობის საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარი | ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ლარი |
| 0.4 | 1-10 (220 ვ) | 15 | 600 | 450 |
| 1-დან -10 | 15 | 1200 | 1000 | |
| 10-დან -30 | 15 | 1200 | 1000 | |
| 30-დან-50 | 15 | 1200 | 1000 | |
| 50-დან -80 | 15 | 1500 | 1200 | |
| 80-დან – 100 | 20 | 1500 | 1200 | |
| 100-დან-120 | 20 | 1800 | 1200 | |
| 120-დან -150 | 20 | 1800 | 1200 | |
| 150-დან -200 | 20 | 2000 | 1200 | |
| 200-დან -320 | 20 | 2500 | 1200 | |
| 320-დან -500 | 20 | 3000 | 1200 | |
| 500-დან -800 | 25 | 3500 | 1200 | |
| 800-დან -1000 | 25 | 3800 | 1200 | |
| 1000-დან და მეტი კვტ | 25 | 4000 | 1200 | |
| 10 კვ | 1-500 | 25 | 13000 | 2200 |
| 500-დან -1000 | 25 | 14000 | 2200 | |
| 1000-დან და მეტი კვტ | 25 | 15000 | 2200 |
მიმღები ბანკის დასახელება: სს "საქართველოს ბანკი"
ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000609622943