მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიასთან ურთიერთშეთანხმებით, დროებით წინასწარ განსაზღვრული საჭიროებისთვის (ელ.შედუღება, მოხვეწა და ა.შ.) ინდივიდუალური მრიცხველით აღრიცხვის გარეშე მოიხმაროს ელექტროენერგია, წერს დროებითი მიერთების შესახებ (1 კვირამდე ვადით) განაცხადს. ინდივიდუალური მრიცხველით აღრიცხვის გარეშე ქსელზე დროებითი მიერთება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
· 220 ვ ძაბვაზე (ე.წ. „ფაზა-ნოლი“) მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 10 კვტ-ს,
· 380 ვ ძაბვაზე (ე.წ. „3 ფაზა“) მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 30 კვტ-ს,
განაცხადში მითითებული უნდა იყოს მიერთების ადგილი, აბონენტის ნომერი (თუ ის უკვე დაფიქსირებულია აბონენტად) აბონენტის ზუსტი დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, ფაქტიური და იურიდიული მისამართი, გამოსაყენებელი ელექტროდანადგარების ჩამონათვალი მათი მახასიათებლებით (სიმძლავრე, ძაბვა და ა.შ.), სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა, როდესაც დაგეგმილია მოხმარების განხორციელება.
სისტემის ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს უმრიცხველო (1 კვირამდე ვადით) მიერთების მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. განმცხადებელმა თავად (თავისი ხარჯებით) უნდა განახორციელოს სამუშაოები და აცნობოს სისტემის ოპერატორს ამის შესახებ, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ქსელთან მიერთებას.
საფუძველი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #19 დადგენილების „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 24-ე მუხლის მე-17 პუნქტი - „მიერთების მსურველი და სისტემის ოპერატორი უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ დანადგარის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მხარეთა შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს,მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ობიექტზე არსებული დანადგარ(ებ)ის
დადგმული სიმძლავრის, მათი დატვირთვის 0.5 კოეფიციენტისა და 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით“.
მოხმარებული ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს შვიდ კალენდარულ დღეს.