პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება სისტემის ოპერატორის მიერ ამ აბონენტის ელექტროენერგიის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის ელექტროგაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი.
მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ელექტროენერგიის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა აბონენტებზე განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება სისტემის ოპერატორის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიცხველში მიღებააღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად მიმწოდებელი ან/და სისტემის ოპერატორი წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულნი არიან:
ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიონ მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოონ ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად საფასური დაარიცხონ ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად;
გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილონ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად;
დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლონ საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;
ე) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ მონაცემების კორექტირება მომხმარებლების საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ მომარაგების შეწყვეტის მოთხოვნა, სისტემის ოპერატორის მიერ უნდა აღსრულდეს და ელექტროენერგიით მომარაგება საანგარიშსწორებო მრიცხველზე უნდა განხორციელდეს იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებლის ან სისტემის ოპერატორის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.
თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი დამოუკიდებელი სუბიექტი (პირი), რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, აღნიშნულ პირებთან დადებული მატერიალური ან ელექტრონული ფორმის ხელშეკრულების საფუძველზე, დაარეგისტრიროს ისინი აბონენტად. ინდივიდუალურ აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის გაანგარიშება განხორციელდება საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია:
ა) დროულად წარადგინოს კომისიაში ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება;
ბ) თითოეული პირი აიყვანოს ინდივიდუალურ აბონენტად და მომსახურება განახორციელოს წესებითა და მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.