eng

როგორ გავხდეთ კომპანიის აბონენტი?

ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის/სადგურის მიერთება

დამტენი პუნქტის/სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების  პირობები ვრცელდება, მხოლოდ იმ დამტენი მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლის სარგებლობაც არ იზღუდება პირთა წრისთვის და არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის. ამასთან, დამტენი სადგურის ქსელთან მიერთება არ გულისხმობს მისი განთავსების ადგილზე არსებული ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის ელექტროენერგიით მომარაგებას.  დამტენი სადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ მონაწილეობს მისი განთავსების ადგილზე  ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის მისაერთებელი სიმძლავრის გამოთვლაში და დამტენი სადგურის გამოყენება (ელექტროენერგიის მოხმარება) სხვა მიზნობრიობით დაუშვებელია.ელექტროენერგიაზე მომუშავე დამტენი სადგური, უნდა მარაგდებოდეს დამოუკიდებელი კვების წყაროთი და უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველი.

მიერთების მსურველმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით“ უნდა მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (წერილობით).

მიერთების მსურველი ვალდებულია, სისტემის ოპერატორს განაცხადთან ერთად წარუდგინოს დამტენი სადგურის (მოწყობილობის) განთავსების თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთების მსურველი (განმცხადებელი) და უძრავი ქონების მესაკუთრე ერთი და იგივე პირია.

 0.4 კვ. (380/220 ვ) და 6/10 კვ. ძაბვაზე დამტენი სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური წარმოადგენს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის 50%-ს, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

ზემოხსენებული პუნქტისსაფუძველზე მიერთებული დამტენი სადგურისთვის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასური წარმოადგენს სიმძლავრის გაზრდის სტანდარტულ შემთხვევებისთვის შესაბამისი პაკეტით  განსაზღვრული, მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%-ს (შეთავაზებული პაკეტების მიხედვით).

თუ დამტენი სადგურის განთავსების ადგილი (ობიექტი ან განსაზღვრული ტერიტორია) არ მარაგდება სხვა გაცემის პუნქტიდან, დამტენი სადგურის სხვა მიზნობრიობით გამოყენებად არ ჩაითვლება ისეთი შემთხვევა, როდესაც  მისაერთებელი სიმძლავრის არაუმეტეს 20%-ის გამოყენება ხდება ამ ობიექტის ან/და მისი განთავსების ადგილის (ტერიტორიის) ელექტროენერგიით მომარაგებისთვის ან/და ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებებით ელექტროენერგიის წარმოებისთვის. მოცემულ შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია მის შიდა ქსელში დამტენი სადგურის სხვა მიზნობრიობით გამოყენების დასაშვები ზღვარის შესაბამისი საშუალებებით დაცვასა და კონტროლზე. ამასთან, ამ ინფორმაციის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.

დამტენი სადგურის განთავსებაზე თანხმობის, კონკრეტული ვადით გაცემის შემთხვევაში, ამ თანხმობის შეწყვეტის ან ვადის გასვლისთანავე უნდა გაუქმდეს მიერთებაც, თუ სადგურის მიზნობრიობა არ შენარჩუნდება მესაკუთრის ან ახალი მფლობელის მიერ.. აღნიშნულის შესახებ, სისტემის ოპერატორის შესაძლოდ მოკლე ვადაში ინფორმირების ვალდებულება ეკისრება, დამტენ სადგურზე რეგისტრირებულ მომხმარებელს.

დამტენი სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, უნდა მოხდეს განცალკევებულად და უნდა მოეწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემა, მიუხედავად იმისა, მარაგდება თუ არა ელექტროენერგიით მიერთების ადგილი (ობიექტი ან განსაზღვრული ტერიტორია).

თუ ადგილი აქვს ერთ საკადასტრო კოდზე დამტენი სადგურისა და  სხვა ობიექტების მიერთებას, მისაერთებელი ობიექტის სიმძლავრე და დამტენი სადგურის მისაერთებელი სიმძლავრე მითითებული უნდა იქნეს განცალკევებულად.

თუ მომხმარებელი აპირებს დამტენი სადგურის მიერთების სხვა მიზნით გამოყენებას მან წინასწარ უნდა აცნობოს სისტემის ოპერატორს.

თუ დამტენი სადგურის მიერთება არ განხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული მიერთების სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის ან დამტენი სადგურით სარგებლობა არ ხდება 10 წლის განმავლობაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გააუქმოს ეს მიერთება,  მომხმარებლის აღნიშნულის შესახებ 3 თვით ადრე გაფრთხილების შემდეგ. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს დამტენი სადგურის დამოუკიდებელი კვების წყაროს გაუქმება, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნა შეასრულოს შესაძლოდ მოკლე ვადაში, რაიმე დამატებითი საფასურის ან ღირებულების გადახდის გარეშე.


განცხადების ფორმები:

დამტენი სადგურის მიერთება


დამტენი სადგურის სიმძლავრის გაზრდა