eng

news

პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ენერგო–პრო ჯორჯიაში საქმდებიან

28 მაისი, 2015
ენერგო–პრო ჯორჯია წარმატებით განაგრძობს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დასაქმების პროექტს. სწავლის დასრულებისთანავე, საქართველოს რეგიონებში დასაქმდა 6 კურსდამთავრებული; ხოლო ახლო მომავალში დასაქმდება კიდევ 7; გარდა ამისა, მაღალი რეიტინგის მქონე ყველა კურსდამთავრებული, რომელმაც გაიარა სწავლება პროფსასწავლებლების სტუდენტების დასაქმების პროექტის ფარგლებში, ენერგო–პრო ჯორჯიაში ვაკანსიის გამოჩენისთანავე დასაქმდება შესაბამის სპეციალობაზე. აღნიშნული დასაქმების პროექტი, ხელს უწყობს ელექტროენერგეტიკული დარგის პოპულარიზაციას და კვალიფიციური ტექნიკური კადრების განვითარებას.

ივნისიდან ენერგო–პრო ჯორჯია იწყებს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დასაქმების პროექტის მესამე ეტაპის განხორციელებას. პროექტში ჩართულია ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ტექნიკური განხრის პროფესიული სასწავლებელი. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უკვე ჩააბარეს მისაღები გამოცდები და ჩაირიცხნენ პროფესიულ სასწავლებლებში. პირველი ორი ეტაპის მსგავსად, 10 თვიანი სწავლების შემდეგ წარმატებული სტუდენტები, რომლებიც დააგროვებენ მაღალ სარეიტინგო ქულას, სტაჟირებას გაივლიან ენერგო–პრო ჯორჯიაში მომავალი დასაქმების პერსპექტივით.

„პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ და ავუმაღლოთ მოტივაცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ მიიღონ პროფესიული განათლება. აღნიშნული პროექტი დაეხმარება დარგის პოპულარიზაციასაც. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სტუდენტების შემდგომ დასაქმებას კომპანიაში და მათ კარიერულ ზრდას. აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ავთო დვალიშვილმა.