eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამა იწყება

18 ივნისი, 2019
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ იწყებს სტუდენტთა „საზაფხულო დასაქმების პროგრამას“, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ კომპანიაში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიული კოლეჯების ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მიმართულების სტუდენტებსაც.

,,გარდა ამ პროგრამისა, ენერგო-პრო ჯორჯია ატარებს სხვა მრავალ ღონისძიებას, რომელიც ენერგტიკის დარგის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამავე მიზნით, კომპანიაში მომავალშიც არაერთი აქტივობის განხორციელება იგეგმება. დღეს უკვე არის პროფესიონალი ენრეგეტიკოსების დეფიციტი და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, ამიტომ, მოვუწოდებ ახალგაზრდებს, დაინტერესდნენ და აირჩიონ ენერგეტიკის პროფესია, ენერგო-პრო ჯორჯია კი წარმატებულ სტუდენტებს, თითქმის გარანტირებულად პირდება დასაქმებას კომპანიაში, სადაც საშუალო ხელფასი 1000 ლარს შეადგენს და თანამშომელს მუდმივად აქვს კარიერული წინსვლის საშუალება” - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ. 

„შარშან ეს პროგრამა წარმატებით განვახორციელეთ. შერჩეული მონაწილეებიდან 8 ახალგაზრდა დღეს უკვე ჩვენი თანამშრომელია. წელსაც გვინდა სტუდენტებს პრაქტიკაში ვაჩვენოთ ენერგოკომპანიის მუშაობის სპეციფიკა. ისინი სამუშაო პროცესში გაეცნობიან, როგორ მუშაობენ პროფესიონალები მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელში, გამანაწილებელ ქვესადგურებში, ელ-მრიცხველების ლაბორატორიაში, გენერაციის ობიექტებში, შრომის, უსაფრთხოების, პროექტირების და დისპეტჩერიზაციის სამსახურებში. ასევე, ნახავენ როგორ ფუნქციონირებს კომპანიაში დანერგილი თანამედროვე ტექნიკური „SCADA” და „GIS” სისტემები, აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრის) და სხვა” – აღნიშნა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ. 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული „საზაფხულო დასაქმების პროგრამის“ მონაწილეები სტაჟირებასა და ტრენინგებს გაივლიან კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში, სათაო ოფისში (თბილისში) და რეგიონულ ფილიალებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი). პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, მათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2019 წლის 20 და 21 ივნისს 11:00 საათზე კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N19). დაინტერესებულმა პირებმა საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად 19 ივნისის ჩათვლით უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია მისამართზე: https://forms.gle/8t3tcoXpMpv6Ti5X6