„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობამ კახეთის ფილიალის ახალი მენეჯმენტი და თელავის მომსახურების ცენტრის მენეჯერი წარადგინა. რეგიონალურ ფილიალს ბერდია გოგლოძე უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს ფილიალის დირექტორად მუშაობდა. რეგიონის მენეჯმენტის საკვანძო პოზიცებზე აგრეთვე დაინიშნენ ზურაბ ჯაფარიძე და ლერი კაკაურიძე. ახალი მენეჯერი ჰყავს თელავის მომსახურების ცენტრსაც, რომელსაც ლევან შავლაყაძე უხელმძღვანელებს.
2017 წლის აგვისტოში კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის შეძენის შემდეგ, ფილიალი 8 თვის განმავლობაში უშუალოდ სათაო ოფისის მენეჯმენტის მიერ იმართებოდა.
„ყველა წარდგენილი კანდიდატი არის კომპანიის გამოცდილი და დამსახურებული თანამშრომელი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებით გაართმევენ თავს ყველა გამოწვევას და პრობლემას, რომელიც მათ ელოდებათ რეგიონში, რა თქმა უნდა, იმ ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად, რომლებიც ყოველთვის საქმიანობდნენ აღნიშნულ რეგიონში. გამოწვევები კი ნამდვილად ბევრია, რადგან სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მიზნად დაისახა რეგიონში მომსახურეობის ხარისხის შემჭიდროვებულ ვადებში გაუმჯობესება და კომერციული მაჩვენებლების ზრდა, რისთვისაც დამტკიცებული გვაქვს საგრძნობლად გაზრდილი საინვესტიციო ფონდი. კონკრეტული პროექტები უკვე დაწყებულია და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რასაც აუცილებლად იგრძნობენ ჩვენი აბონენტები მთელი კახეთის მასშტაბით“ – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
კომპანიის ხელმძღვანელობამ აგრეთვე დაათვალიერა თელავისა და გურჯანის ახალი მომსახურების ცენტრები, რომლებშიც აბონენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ უნივერსალური მომსახურება.