eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო სეზონს აჭარაში მომზადებული ხვდება

14 ივლისი, 2017
აჭარაში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი დაასრულა. პირველი პროექტი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება იყო. ზაფხულის სეზონისთვის მზადების ფარგლებში, კომპანიამ რეგიონში არსებულ 7 ქვესადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. აგრეთვე, 22 სატრანსფორმატორო ქვესადგურში შეიცვალა ტრანსფორმატორები, ძველი მიწისქვეშა კებელები ჩანაცვლდა ახლით. სამუშაოები განხორციელდა როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვის ქსელში. მხოლოდ აღნიშნული პროექტისთვის კომპანიამ 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

დღეს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმენტმა ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები აჭარაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა, რაც იძლევა ქსელის მაქსიმალურად დატვირთვის საშუალებას ცხელ სეზონზე. რეაბილიტირებული და განახლებული ქსელის მეშვეობით კომპანია აუმჯობესებს აბონენტთა მომსახურების ხარისხს, გარდა ამისა მინიმუმამდე დაჰყავს ავარიული გათიშვების ალბათობა.

მეორე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აჭარაში დაასრულა, მოიცავდა აბონენტების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.

ხულოს რაიონის სოფელ რაქვთით დასრულდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება მთელ აჭარაში. გამრიცხველიანების პროექტისთვის კომპანიამ 37 450 000 ლარის ინვესტიცია განახორხციელა.

კომპანიის ყველა აბონენტს აჭარაში დაუმონტაჟდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები, რომელთა მეშვეობით ისინი თავად გააკონტროლებენ საკუთარი ელექტროენერგიის მოხმარებას და ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდიან ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების შესაბამისად.

„სოფელ რაქვთაში მრიცხველების მონტაჟით, აჭარაში ჩვენ დავასრულეთ კომპანიის ერთერთი უმთავრესი და პრიორიტეტული, გამრიცხველიანების პროექტი. ჩვენმა ტექნიკურმა სამსახურმა მაქსიმალურად ეფექტურად წარმართა სამუშაოები, რამაც აბონენტთა მომსახურების ხარისხი გააუმჯობესა. გამრიცხველიანების პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავზარდოთ ინვესტიციები საშუალო და მაღალი ძაბვის კუთხით, ქსელის საიმედოობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“ – აცხადებენ კომპანიაში.