eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების 94% უკვე გამრიცხველიანებულია

13 მაისი, 2016
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად განაგრძობს ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას რეგიონებში. კომპანია ემსახურება მილიონზე მეტ აბონენტს, რომელთა დაახლოებით 94% უკვე გამრიცხველიანებულია, წლის ბოლომდე კი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველებით ისარგებლებს კომპანიის აბონენტების დაახლეობით 98%.

მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე გამრიცხველიანდა 34 სოფლის 4500-მდე აბონენტი, რაშიც კომპანიამ განახორციელა 1 575 000 ლარის ინვესტიცია.

ამჟამად, „ენერგო-პრო ჯორჯია“ გამრიცხველიანების სამუშაოებს ახორციელებს 57 სოფელში. გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს, ის მოიცავს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც, რომლის ფარგლებშიც 0,4 კვ ძაბვის ქსელში ამორტიზირებული საყრდენები და სადენები იცვლება ახალი ბოძებითა და სადენებით.

„რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება გრძელდება. ის ჩვენი კომპანიისთვის ერთერთი პრიორიტეტული პროექტია. ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. გამრიცხველიანების უმნიშვნელოვანესი პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, კომპანია კიდევ უფრო გაზრდის ინვესტიციებს საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელში.“ – განაცხადა სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ დაბალი და საშუალო ძაბვის ქსელის მართვის მენეჯერმა გრიგოლ მამისეიშვილმა.

გამრიცხველიანების გეგმის მიხედვით, 2016 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს 40 000 აბონენტის გამრიცხველიანებას, რაც გულისხმობს 14 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას და პროექტი სრულად ფინანსდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ.