სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას მაღალი ძაბვის ქსელის რეაბილიტაციაში. კომპანიამ უკვე დაასრულა სამი, 110 კვ მაღალი ძაბვის ხაზის - „კაცხის“, „მოაშის“ და „მარაბდა 2“-ის რეაბილიტაცია. სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და ხარისხი ჭიათურის, საჩხერის, ლენტეხისა და მესტიის აბონენტებისთვის. მაღალი ძაბვის ხაზის „მარაბდა 2“-ის რეაბილიტაციის შედეგად კი შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების სარეზერვო წყარო ქ. რუსთავისთვის. აღნიშნული ხაზი ექსპლუატაციაში ნოემბრის ბოლოს შევა.
ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიური წყარო შეიქმნება ასევე ქალაქ ნინოწმინდასთვის. ამ დროისთვის, კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს მაღალი ძაბვის სარეზერვო გადამცემ ხაზზე „საღამო“, სადაც დამონტაჟდა ახალი საყრდენები და ამორტიზირებული სადენები შეიცვალა ახლით. ხაზის რეაბილიტაცია დასრულდება ასევე ნოემბრის ბოლოს.
პარალელურად, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე „ჩხოუშია“, „ფაზისი“, „მალთაყვა“, „გრიგოლეთი“ და „ბათუმი 5-მეგაპალასი“. პროექტის ფარგლებში მონტაჟდება ახალი სადენები, იცვლება სახაზო არმატურა და იზოლატორები, აგრეთვე ძველი სადენები იცვლება ახალი სადენებით. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ქალაქ ზუგდიდის ენერგომომარაგება უფრო საიმედო და სტაბილური გახდება. გადამცემი ხაზი „ჩხოუშიას“ რეაბილიტაცია დასრულდება ნოემბრის ბოლოს, ხოლო სამუშაოები ხაზებზე „ფაზისი“, „მალთაყვა“, „გრიგოლეთი“ და „ბათუმი 5-მეგაპალასი - დეკემბრის შუა რიცხვებში.
წლის ბოლომდე, აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციაში, სს ენერგო-პრო ჯორჯია“ საერთო ჯამში 5 234 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.