,,ენერგო-პრო ჯორჯიას" ამბროლაურის მომსახურების ცენტრს, თვეზე მეტია ახალი ელექტრიკოსი ჰყავს. 2000 წელს დაბადებული გიორგი არველაძე, კომპანიაში ოფიციალურად 6 ნოემრიდან მუშაობს. ,,ერთი შეხვედით, ადამიანის დასაქმებაში უჩვეული თითქოს არაფერია, თუ არ გავითვალისწინებთ მის ასაკს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში, მომავალი თაობის პროფესიონალი ენერგეტიკოსების დეფიციტია, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ 18 წლის ახალგაზრდა უკვე ელექტიკოსის პოზიციაზე მუშაობს“- განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხელ ბოცვაძემ.
სამსახურის ოფიციალურად დაწყებამდე, გიორგი არველაძემ კომპანიაში 3 თვიანი სტაჟირება გაიარა, სადაც ისწავლა ყველა ის თეორიული თუ პრაქტიკული უნარები, რომელიც აუცილებელია დამწყები ელექტრიკოსისთვის. გიორგი ჯერ კიდევ გამოცდილების დაგროვების ეტაპზეა და შესაბამისად მხოლოდ იმ სამუშაოებს ასრულებს, სადაც მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია.
,,ენერგო-პრო ჯორჯია“ დაეხმარება გიორგის რომ ამბროლაურის პროფესიულ სასწავლებელში ჩააბაროს. როგორც კი იქ ელექტრიკოსის პროფესიის შესწავლა იქნება შესაძლებელი და როგორც ამბობენ ეს მალე მოხდება, ის დაიწყებს სწავლას და კიდევ უფრო გააღრმავებს პროფესიულ ცოდნას.