სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებული გახდა
18 მარტი, 2019
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, გენდერული თანასწორობისა და ქალებისთვის პროფესიული წინსვლის კუთხით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებული გახდა მსხვილი ბიზნესის სექტორში. კომპანიამ წლების განმავლობაში „გენდერული ბალანსის“ გაუმჯობესებისა და აქ დასაქმებული ქალებითვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნის კუთხით, უმნიშვნელოვანესი სამუშაოები გასწია.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სიახლეებს ახორციელებს და ნერგავს, როგორც დასაქმების, ისე თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და განვითარების სფეროში. „ენერგოკომპანიის სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთან დასაქმებული ქალბატონების პროცენტული წილი თითქოს დიდი არ არის და მხოლოდ 15 % - მდეა, მაგრამ მოქნილი სამუშაო გრაფიკი, უსაფრთხო სამუშაო გარემო, დაცულობის შეგრძნება და დამატებითი ბენეფიტები, საშუალებას აძლევს ჩვენს ქალ თანამშრომლებს უკეთ დააბალანსონ სამსახურებრივი და პირადი ცხოვრება, გაანაწილონ სამუშაო საკუთარი ხედვით, რაც უმეტეს შემთხვევაში, დადებითად მოქმედებს შრომის ეფექტიანობაზე - ეს კი კომპანიის მთავარი მოგებაა,“ - აღნიშნა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, რომელსაც მთელი კომპანიის სახელით გადაეცა გამარჯვებულის პრიზი.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ გამოცხადებულ კონკურში საქართველოში მოქმედი 33 სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაცია იღებდა მონაწილობას. კონკურსი მიზნად ისახავდა იმ ბიზნესების და კომპანიების გამოვლენას და ხელშეწყობას, რომლებიც საქართველოში ქალთა გაძლიერების, სწავლების, განათლების და პროფესიული განვითარების პრინციპებს ნერგავენ.