დაბა ბაკურიანში ზამთრისათვის მზადების პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დაბა ბაკურიანის 3000-მდე აბონენტის ენერგომომარაგება და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. ამ კუთხით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 500 000-მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ახალი 10 კვ ძაბვის საფიდერო ხაზი, აგრეთვე დამონტაჟდება ახალი მიწისქვეშა საკაბელო სისტემა, განხორციელდება 35 კვ ქვესადგურების და გამანაწილებელი პუნქტების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოეწყობა ახალი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი; განხორციელებული სამუშაოები გაზრდის ქსელის საიმედოობას და ავარიების შემთხვევაში რეაგირების ოპერატიულობას.
დაბა ბაკურიანში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 22 ოქტომბერს და დასრულდება ერთი თვის ვადაში.