eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბახმაროსა და ბეშუმის ელექტროქსელის კომპანიის ბალანსზე აღებას გეგმავს

20 აგვისტო, 2018
იმის გათვალისწინებით, რომ ბახმაროსა და ბეშუმის მკვებავი და გამანაწილებელი ელექტროქსელები მოძველებულია და მძიმე მდგომარეობაშია, შეფერხდებით ხდება მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგება, უსაფრთხოების ნორმები მოსაყვანია არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განიხილავს აღნიშნული კურორტების ქსელის კომპანიის ბალანსზე მიღებას, ენერგო ინფრასტრუქტურის განახლებასა და ბახმაროსა და მეშუმისთვის ელექტრომიწოდების გამოსწორებას. ამჟამად, ბახმაროსა და ბეშუმის ქსელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეთვალყურეობის ქვეშაა და შესაბამისად, კომპანია კონსულტაციებს მათ წარმომადგენლებთან დაიწყებს.

ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, აღნიშნულ კურორტებზე ელექტრომომარაგების პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, როგორც ბახმაროში, ასევე ბეშუმში ხელი შეეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება აღნიშნულ კურორტებზე ინვესტიციების მოსაზიდად, მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ყოველივე კი გამართული და სტაბილური ელექტრომომარაგების სისტემის გარეშე წარმოუდგენელია.

ელექტროქსელის კომპანიის მფლობელობაში გადმოსვლის შემდეგ, დაიგეგმება ყველა ის ღონისძიება, რაც საჭიროა ინფრასტრუქტურის გამართვისა და ქსელის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.