eng

news

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დაასაქმების მეორე ეტაპი დაიწყო

08 ოქტომბერი, 2014
სს ენერგო–პრო ჯორჯიამ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. კომპანიისგან სტიპენდიებს კიდევ 10 საუკეთესო კანდიდატი მიიღებს. ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, მათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე ჩაატარა ერთიანი პროფესიული ტესტირება. შედეგებიდან გამომდინარე პროფესიულ სასწავლებლებში ჩაირიცხულ ახალგაზრდებს, რომელთაც ენერგო–პრო ჯორჯიაში შემოტანილი ექნებათ განაცხადი სტიპენდიის დაფინანსებაზე, ჩაუტარდებათ გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტები, რომლებსაც მიეცემათ სტიპენდია. ამ ეტაპზე იგეგმება კიდევ 10-მდე სტუდენტის დაფინანსება“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ტაბატაძემ.

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამის პირველი ეტაპი განხორციელდა 2014 წლის ივნისში. შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით სს ენერგო–პრო ჯორჯიამ სასტიპენდიო ხელშეკრულება გააფორმა 12 სტუდენტთან 8 პროფესიულ სასწავლებელში. ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობამ შეადგინა 150 ლარი.

პროექტის მიმართ დიდი ინტერესის გამო, კომპანიამ დასაქმების საშუალება მისცა არა მარტო სტიპენდიანტებს, არამედ 20 სხვა სტუდენტსაც, რომლებმაც გამოთქვეს კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი. მათ ჩაუტარდათ შუალედური პროფესიული ტესტი, რომელიც მიახლოებული იყო სს ენერგო-პრო ჯორჯიაში დასაქმების საბოლოო ტესტთან. სტიპენდიანტების საშუალო შედეგმა შეადგინა 80.1 %; ხოლო სხვა სტუდენტების საშუალო შედეგმა – 73.4 %.

პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის დასრულების შემდეგ, ან ბოლო ეტაპზე სტიპენდიანტებს და შუალედურ ტესტირებებში მაღალი შედეგების მქონე სტუდენტებს სს ენერგო–პრო ჯორჯია შესთავაზებს 1 ან 2 თვიან სტაჟირებას. სტაჟირების შემდეგ სტუდენტები გაივლიან დასაქმების საბოლოო ტესტირებას და საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები დასაქმდებიან კომპანიაში.