ენერგო–პრო ჯორჯიას კუთვნილ ქვესადგურში, რომელიც მდებარეობს ჭიათურაში სავარაუდო ქურდობა დაფიქსირდა. კერძოდ, ქვესადგურიდან გამომავალი 6 კვ #5 ფიდერზე დაფიქსირდა ხელოვნურად გამოწვეული ავარიული გათიშვა. ამას გარდა, კომპანიის ტექნიკური ბრიგადების მიერ ადგილზე განხორციელებული დათვალიერების შედეგად, დაფიქსირდა დაახლოებით 300 ლიტრი სატრანსფორმატორო ზეთის დატაცების ფაქტი. მიმდინარეობს გამოძიება და დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი.
აღნიშნული ფაქტის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა 1315 აბონენტს ჭიათურაში. გათიშული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით, ენერგო–პრო ჯორჯიას ოპერატიული ბრიგადის მიერ განხორციელდა ხაზის აღდგენითი სამუშაოები, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა გათიშული აბონენტების დიდ ნაწილს. თუმცა, ამ დროისთვის გამორთული რჩება 60–მდე აბონენტი.
ენერგო–პრო ჯორჯიამ პრობლემის ოპერატიულად გადაჭრის მიზნით, გამოყო ახალი ტრანსფორმატორი და ამჟამად მიმდინარეობს ახალი ტრანსფორმატორის მონტაჟი. სამუშაოები დასრულდება დღის ბოლომდე და მათი დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება დარჩენილ აბონენტებს.