საქართველოს სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებმა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში პრაქტიკული სწავლება გაიარეს. სწავლების მიზანს, დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის საგანმანათლებო პროგრამის პედაგოგების გადამზადება წარმოადგენდა.
პედაგოგებმა დაათვალიერეს კომპანიაში არსებული მრიცხველების შემოწმების სტაციონარული ლაბორატორია, დამცავი საშუალებების გამოსაცდელი სტაციონარული ლაბორატორია, ელექტროგადამცემი ხაზების დიაგნოსტიკური მობილური ლაბორატორია; ასევე ადგილზე გაეცნენ კომპანიის მთავარი სადისპეტჩეროს მუშაობის სპეციფიკას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს თანამშრომლებმა, ჩაატარეს პრეზენტაციები კომპანიის საქმიანობისა და დასაქმების პროცედურების შესახებ. კომპანიის შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ინჟინერმა ჩაატარა სწავლება, უსაფრთხოების ნორმების თანამედროვე მოთხოვნებთან დაკავშირებით.
„სს ენერგო-პრო ჯორჯიაში მიღებული გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგში მოღვაწე პედაგოგებისთვის. ის დაგვეხმარება დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის საგანმანათლებო პროგრამის სასწავლო კურსის განვითარებაში“ – განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტმა შორენა ჯაფარიძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა პრაქტიკულ სწავლებას.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული თანამშრომლობა არის კომპანიის სტრატეგიის ნაწილი – დარგში მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ხელი შეუწყოს მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.