eng

news

სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 2018 წლის ანგარიში კახეთში წარადგინა

08 თებ, 2019
სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მენეჯმენტმა 2018 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
 
2018 წელს კომპანიამ შეისყიდა 5 927 მლნ/კვტ/სთ ელექტროენერგია, წმინდა მოხმარებამ კი შეადგინა 5 891,4 მლნ/კვტ/სთ. 2018 წელს, 2017 წლის მსგავსად, კომერციული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 8%.

2018 წელს ჯგუფის შემოსავალმა შეადგინა 962 მლნ ლარი, საიდანაც 557 მლნ ლარი მოხმარდა ელექტროენერგიის შესყიდვას, 147 მლნ ლარი კომპანიამ გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში, განხორციელდა 100 მლნ ლარის ინვესტიცია. კომპანიის სახელფასო ფონდმა გასულ წელს შეადგინა 77 მლნ ლარი, 46 მლნ ლარი მოხმარდა სასესხო ვალდებულებების დაფარვას, ხოლო სხვადასხვა საოპერაციო ხარჯმა შეადგინა 35 მლნ ლარი.
2019 წელს კი კომპანია 110.6 მილიონამდე ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

2018 წელს კომპანიამ შეინარჩუნა ,,BB“ რეიტინგი, რომელიც სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მიანიჭა. აღნიშნული რეიტინგი ხაზს უსვამს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ფინანსურ სტაბილურობას და წარმატებულ ოპერირებას ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში. კომპანია კვლავ რჩება ერთერთ უმსხვილეს ინვესტორად და დამსაქმებლად ქვეყანაში.

ელექტროენერგიის მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა პროექტები როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვის ქსელში. 6/10კვ ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 10 751 ცალი საყრდენი, 553 430 მეტრი სადენი, 44 541 მეტრი მიწისქვეშა კაბელი, 572 ცალი ტრანსფორმატორი. 04 კვ ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კი დამონტაჟდა 6 407 ცალი საყრდენი, 503 215 მეტრი სიპ-კაბელი. რაც შეეხება ახალი მიერთების პროექტს, მის ფარგლებში დამონტაჟდა 20 872 ცალი საყრდენი, 735 926 მეტრი სიპ-კაბელი, 519 690 მეტრი სადენი, 35 723 მეტრი 6/10კვ კაბელი, 516 ცალი 6/10-0,4კვ ტრანსფორმატორი. აგრეთვე, გარემონტდა ქვესადგურები და სატრანსფორმატორო პუნქტები.

მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა მაღალი ძაბვის ქვესადგურებში „ბათუმი 1“, „ბათუმი 2“, „ბათუმი 3“, „ბათუმი 5“, „მეგაპალასი“, „ივერია“, „ზუგდიდი 2“, „ხიდმაღალა“, „ახალციხე“, „ბაკურიანი“, „დუშეთი“ და „ლომისი“. აღნიშნულ ქვესადგურებში დამონტაჟდა ახალი ძაბვის ძალოვანი ტრანსფორმატორები, აშენდა 35 კვ და 6 კვ გამანაწილებელი მოწყობილობები, შეკეთდა 10 კვ გამანაწილებელი მოწყობილობების შენობები, დამონტაჟდა 10 კვ გამანაწილებებლი მოწყობილობების ახალი უჯრედები, დამონტაჟდა 110 კვ დენის ტრანსფორმატორები და ა.შ.

აშენდა „ბათუმი 2“ და „ბათუმი 5“ ქვესადგურების დამაკავშირებელი საკაბელო ხაზი, განხორციელდა 110 კვ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი „მარაბდა 2“-ის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, 110 კვ გადამცემი ხაზების „ერგე 1“, „მოაშის“, „ცემი 1“-ის და „ჩხარის“ რეაბილიტაცია.

ქვესადგურებში „ბაკურიანი“, „გუდაური“, „კობი“, „ლარსი“, „ფოთი-4“, „გოდერძი“ და „თეთრიწყარო“ ჩატარდა SCADA სისტემის რევიზია, პროფილაქტიკა და გამოცდა; ხოლო ქვესადგურებში „ჭიათურა-1“, „ჭიათურა-2“, „ჭიათურა-3“, „ჭიათურა-4“, „ჭიათურა-5“, „ტყიბული-1“, „ტყიბული-2“ და „ტყიბული-3“ განხორციელდა SCADA სისტემის ინსტალაცია, გაწყობითი სამუშაოები და ტესტირება-გაშვება.

კახეთის ენერგოდისტრიბუცია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მფლობელობაში წელიწადნახევრის წინ გადმოვიდა. აღნიშნული ქსელი იყო საკმაოდ მოძველებულ და რთულ მდგომარეობაში, მისი რეაბილიტაცია კი საჭიროებს მასშტაბურ სამუშაოებს და რესურსებს. მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ასევე მომსახურეობის ცენტრებში, რაც გაგრძელდება 2019-20 წლებშიც. 2018 წელს კახეთის რეგიონში განხორციელდა 6 მლნ ლარამდე ინვესტიცია.
მასშტაბური პროექტები განხორციელდა ჩითახევის, ორთაჭალის, ლაჯანურის და გუმათის ჰიდროელექტროსადგურებზე. კომპანიის კუთვნილი 15 ჰიდროელექტროსადგურის მიერ კი დაფიქსირდა გენერირებული ელექტროენერგიის მაღალი მაჩვენებელი, რომელმაც შეადგინა 1 820 მლნ კვტ/სთ. აგრეთვე, არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განხორციელდა გარდაბნის აირტურბინულ ელექტროსადგურზე, რამაც განაპირობა თბოსადგურის შეუფერხებელი მუშაობა.
კომპანიისთვის ერთერთ უმთავრეს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება აბონენტთა მომსახურების მაღალი ხარისხი. ამ მიმართულებით 2018 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. მოხდა აბონენტებთან ურთიერთობის მართვის პროგრამის სრულყოფა. ქოლ ცენტრის თანამშრომლებს და აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტების ნაწილს, ჩაუტარდათ ტრეინინგები სექტორში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებში და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, გაეშვა სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამა, რომელიც წარმოადგენს სრულიად ახალ ინიციატივას და ითვალისწინებს ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოძიებას. აღნიშნული პროექტი 2019 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

“რეგიონალური პრესის წარმომადგენლებს გავაცანით 2018 წლის საქმინაობის ანგარიში, აგრეთვე განვიხილეთ 2019 წლის გეგმები. წარმოვადგინეთ არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი, რომელთა განხორციელებაც დასრულდა 2018 წელს. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესებული შედეგები, რათქმაუნდა, აგრეთვე ვისაუბრეთ ნაკლოვანებებზე და ხარვეზებზეც, რომელთა გამოსწორებაც კომპანიის მთავარი ამოცანაა. ვთვლით, რომ 2019 წელი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანიის განვითარებისათვის. კიდევ უფრო იზრდება საინვესტიციო პროექტების ოდენობა და ბიუჯეტი.” - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

მისივე თქმით, კომპანია დიდი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე წელს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პროცესს, რომელიც გულისხმობს თვისობრივად ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნას. „მისასალმებელია ევროპული რეგულაციების იმპლემენტაცია და ახალი ბაზრის მოდელის ჩამოყალიბება ქვეყანაში. ეს ცვლილებები გარანტირებულად უზრუნველჰყოფენ ბაზრის მაქსიმალურ ლიბერალიზაციას, კონკურენციის და ინვესტიციების ზრდას დარგში. შესაბამისად, ერთის მხრივ მივაღწევთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო მეორეს მხრივ კიდევ უფრო გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა „ენერგო-პროს“ კუთვნილ ჰიდროელექტროსადგურებში.“ - აღნიშნა მიხეილ ბოცვაძემ.