5 პროფესიული სასწავლებლის ელექტროობის სპეციალობის 5 სტუდენტი და ორი უმაღლესი სასწავლებლის, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის 4 სტუდენტი ,,ენერგო- პრო ჯორჯიასგან“ თვეში 200 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.
სწავლის დასრულების შემდეგ ისინი დასაქმების შეთავაზებას მიიღებენ. სტუდენტები შეირჩნენ აკადემიური მოსწრების, რეიტინგების, თავად სასწავლებლების ადმინისტრაციების რეკომენდაციების და კომპანიის წარმომადგენლებთან გასაუბრების საფუძველზე.
,,ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი ენერგეტიკოსი ჰყავდეს ქვეყანას. კომპანიის ორგანიზებით არაერთი ღონისძიება განხორციელდა და მომავალში კიდევ განხორციელდება სკოლის მოსწლავეებისთვის თუ პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. გვინდა, რომ მომავალი თაობა უფრო მეტად დაინტერესდეს ენერგეტიკის და ელქტროინჟინერიის დარგით. ეს ახალგაზრდები, მომავალში უნდა ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. მათ კი ვინც უკვე აირჩია ეს მიმართულება, ვცდილობთ მეტი მოტივაცია და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მივცეთ“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
,,მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული სასწავლებლების უმრავლესობა, საქართველოს რეგიონებში მდებარეობს, შესაბამისად რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ პროფესია, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, დასაქმდნენ საკუთარ რაიონშივე მდებარე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამის მომსახურების ცენტრში თუ ფილიალში“ - განაცხადა სს ,,ენერგოპრო ჯორჯია“-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ. ამ ეტაპზე სტიპენდიებს მიიღებენ: ახალციხეში არსებული კოლეჯის ,,ოპიზარის“, თბილისის პროფესიული სასწავლებლის ,,მერმისის”, ქუთაისის სასწავლებლის ,,იბერიას“ და ბათუმში არსებულ კოლეჯის ,,ბლექსის“, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.