ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს რეგიონებში უფროსკლასელებისთვის საჩვენებელი გაკვეთილების ჩატარებას. მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კომპანიის თანამშრომლებმა გააცნეს ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდები, ჩაატარეს ელექტროობასთან დაკავშირებულ მცირე სახალისო ცდები და სხვა. მოსწავლეები აგრეთვე იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზე.
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტრატეგიის ნაწილია. USAID-თან ერთად, კომპანია აღნიშნულ პროექტს, 2016 წლიდან ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში. ამ დროისთვის საჩვენებელი გაკვეთილები უკვე 100-მდე სკოლაში ჩატარდა. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 2018-2019 სასწავლო წელსაც. სკოლებს, რომლებსაც სურთ აღნიშნულ პროექტში ჩართვა, შეუძლიათ მიმართონ ენერგო-პრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების დეპარტამენტს.
გარდა ამისა, ენერგეტიკის დარგში მეტი ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებული სტუდენტებისთვის, კომპანია აძლევს საშუალებას გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა კომპანიაში მომავალი დასაქმების პერსპექტივით.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლების პროცესში; აგრეთვე აქტიურად, იღებს მონაწილეობას დარგის პედაგოგების გადამზადებაში.