eng

news

ენერგო–პრო ჯორჯია ახალი ტრეინინგ ცენტრის გახსნაზე მუშაობს

29 იანვარი, 2015
ენერგო–პრო ჯორჯია მალე ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ტრეინინგ ცენტრს გახსნის. ტრეინინგ ცენტრი ჩამოყალიბდება კომპანიის ბაზაზე და დაკომპლექტდება კვალიფიციური ტრენერებით. ცენტრის მიზანია პროფესიული და საკვალიფიკაციო ტრეინინგების ჩატარება, აგრეთვე თანამშრომელთა ან პოტენციურ თანამშრომელთა გადამზადება–სწავლება. ტრეინინგ ცენტრის მუშაობა ხელს შეუწყობს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, დაეხმარება მათ შრომითი პოტენციალის რეალიზაციასა და პროფესიონალიზმის განვითარებაში.

ენერგო–პრო ჯორჯიას ტრეინინგ ცენტრი განახორციელებს როგორც შიდა, ისე გარე ტიპის ტრეინინგებს. კვალიფიციური ტრენერები ჩაატარებენ საკლასო ტიპის ჯგუფურ სწავლებას, აგრეთვე შესაძლებელი იქნება ელექტრონული კურსების ჩატარება და რაც მთავარია, ტრეინინგის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სასწავლო პრაქტიკა; აღნიშნული კი ენერგეტიკის დარგში მომუშავე კადრებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

პირებს, რომლებიც გაივლიან პროფესიული გადამზადების კურსს ან ტრეინინგს ენერგო–პრო ჯორჯიას ტრეინინგ ცენტრში, გადაეცემათ სერთიფიკატები; ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე პირებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების საშუალება.

გარდა ამისა, ენერგო–პრო ჯორჯიას ტრეინინგ ცენტრი გამოირჩევა იმითაც, რომ შესაძლებლობა ექნება მომსახურება გაუწიოს სხვა კომპანიებსაც; კერძოდ, ჩაატაროს სხვა კომპანიის ან ფიზიკური პირის მიერ დაკვეთილი კონკრეტული ტრეინინგი ან სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსების ჩატარება, დამკვეთის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ენერგო–პრო ჯორჯიას შენობაში სპეციალურად გამოყოფილ ფართში. ტრეინინგის ოთახი მოეწყობა ევროსტანდარტების შესაბამისად და აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით.