სს „ენეგო–პრო ჯორჯია“ კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ბათუმში მოსახლეობას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 17 თეთრად, არასწორად უანგარიშა. ინფორმაციას ამის შესახებ უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე საინფორმაციო სააგენტო ჯი–ეიჩ–ენის მეშვეობით ავრცელებს. „ვფიქრობთ, რომ ბატონ ბლადაძეს აქვს მცდარი ინფორმაცია ტარიფის დათვლის მეთოდოლოგიის შესახებ. ტარიფი ითვლება სეწმეკის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილების მიხედვით. კომპანიის მხრიდან დათვლის დროს რაიმე გადაცდომას კი კატეგორიულად გამოვრიცხავ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ყორშიამ.
კომპანია მზად არის ყველა დაინტერესებულ პირს აუხსნას და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია თუ როგორ ითვლება მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი და პასუხი გასცეს ნებისმიერ აბონენტს მის მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დამატებითი საეჭვო კითხვები გამოირიცხება. ცნობისათვის, ბათუმში აბონენტთა მხოლოდ 36%–ს დაუანგარიშდა დეკემბრის თვეში მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულება 14,83 თეთრიანი ტარიფით დღგ–ს გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი წლის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება.