eng

news

„ენერგო-პრომ“ 2019 წლის ანგარიში ქვემო ქართლში წარადგინა

30 იანვარი, 2020
"ენერგო-პრო"-ს მენეჯმენტმა, 2019 წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა ქ. რუსთავში, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან გამართა.

მხოლოდ გასულ წელს კომპანიამ განახორიცელა 112.2 მლნ ლარის ინვესტიცია, სახელმწიფო ბიუჯეტში კი 122 მლნ. ლარი გადაიხადა. განხორიცლებელი ინვესტიციები მოხმარდა როგორც დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტროქსელის განვითარებას, ასევე გენერაციის ობიექტების, ჰესების რეაბილიტაციას. „გუმათი 1“ ჰესის და „რიონჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად, საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 4,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა.

2019 წელს კომპანიის მიერ შესყიდულმა და გატარებულმა ელექროენერგიამ ჯამურად 5 381 მილიონი კვტ/სთ შეადგინა, ხოლო განაწილებული და გატარებული ელეტქროენერგიის ჯამი შეადგენს 4 844 მილიონ კვტ/სთ. ქსელში დანაკარგები დაფიქსირდა 537 მოლიონი კვტ/სთ, რაც 9.97%-ს შეადგენს.

2019 წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა მაღალი ძაბვის ქვესადგურებში „ბათუმი 1“, „ბათუმი 2“, „ზუგდიდი 2“, ,,ბაკისუბანი“, ბორჯომი 2, ,,მესტია“, ბაკურიანი“, ,,გუდაური“, ,,პატარა რუსთავი“, ,,მარჯვენა სანაპირო“. აღნიშნულ ქვესადგურებში დამონტაჟდა 35-10 კვ ახალი უჯრედები, ძალოვანი ტრანსფორმატორი, გაეწყო 35 კვ და 10-6 კვ გამანაწილებელი მოწყობილობები. ქვესადგურებში შეკეთდა 10 კვ გამანაწილებელი მოწყობილობების შენობები, დამონტაჟდა 110 კვ ამომრთველები და გამთიშველები, დამონტაჟდა 110 კვ დენის და ძაბვის ტრანსფორმატორები. ბათუმში აშენდა ახალი ქვესადგური ,,სტადიონი“, აღნიშნულ ქვესადგურებში დამონტაჟდა 35-10 კვ ახალი უჯრედები და ძალოვანი ტრანსფორმატორი.

გარდა ამისა, აშენდა „ბათუმი 2“ და „ბათუმი სტადიონი“-ს ქვესადგურების დამაკავშირებელი 35 კვ საკაბელო ხაზი; განხორციელდა 110 კვ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი ,,ერგე 1“-ის გაორჯაჭვება; 35 კვ გადამცემი ხაზი „ცემი 1“-ის ნაწილის რეაბილიტაცია.

23 ქვესადგურში, სადაც დანერგილია SCADA სისტემა ჩატარდა პროფილაქტიკური სამუშაოები. კერძოდ, ქვესადგურებში „ბათუმი-3“, „ბათუმი-5“, „მახინჯაური“, „ფოთი-1“, „ივერია“ განხორციელდა SCADA სისტემის ინსტალაცია, გაწყობითი სამუშაოები და ტესტირება-გაშვება; ხოლო ქვესადგურებში „ბაკურიანი“, „გუდაური“, „ფოთი-4“, „გოდერძი“, „თეთრიწყარო“ ჩატარდა SCADA სისტემის რევიზია, პროფილაქტიკა და გამოცდა; SCADA სისტემის ტესტირება ჩაუტარდა აგრეთვე ქვესადგურებს „ჭიათურა-1“, „ჭიათურა-2“, „ჭიათურა-3“, „ჭიათურა-4“, „ჭიათურა-5“, „ტყიბული-1“, „ტყიბული-2“, „ტყიბული-3“.
2019 წელს ელექტროენერგიის მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა პროექტები როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვის ქსელში. 6/10კვ ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 8 227 ცალი საყრდენი, 593 275 მეტრი სადენი, 53 104 მეტრი მიწისქვეშა კაბელი, 586 ცალი ახალი ტრანსფორმატორი. 0,4 კვ ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კი დამონტაჟდა 10 446 ცალი საყრდენი, 721 784 მეტრი სიპ-კაბელი. რაც შეეხება ახალი მიერთების პროექტს, მის ფარგლებში დამონტაჟდა 26 934 ცალი საყრდენი, 768 363 მეტრი სიპ-კაბელი, 816 545 მეტრი სადენი, 92 285 მეტრი 6/10 კვ კაბელი, 705 ცალი 6/10-0,4 კვ ტრანსფორმატორი. აგრეთვე, გარემონტდა ქვესადგურები და სატრანსფორმატორო პუნქტები.

მასშტაბური პროექტები განხორციელდა გუმათი 1, რიონის და ჩხოროწყუს ჰიდროელექტროსადგურებზე. „გუმათი 1“ ჰიდროელექტროსადგურის მეორე ჰიდროაგრგატის რეკოსტრუქციის შემდეგ, ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 1,7 მგვტ-ით და შეადგინა 48,4 მგვტ. ხოლო „გუმათ ჰესების კასკადის“ სიმძლავრემ საერთო ჯამში შეადგინა 71,2 მგვტ. ანალოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ კი რიონჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 3 მგვტ-ით და შეადგინა 54 მგვტ. 2019 წელს დაიწყო და 2020 დასრულდება შემდეგი პროექტები: გუმათი 2 ჰესის - №3 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია, ზაჰესის - №6 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია, ლაჯანურ ჰესის - №3 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია, ძევრულ ჰესის - №2 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია. კომპანიის კუთვნილი 15 ჰიდროელექტროსადგურის მიერ გენერირებული ელექტროენერგიის ჯამურმა მაჩვენებელმა შეადგინა 1 554 425 მგვტ/სთ.
აგრეთვე, არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განხორციელდა გარდაბნის აირტურბინულ ელექტროსადგურზე.
კომპანიისთვის ერთერთ უმთავრეს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება აბონენტთა მომსახურების მაღალი ხარისხი. ამ მიმართულებით 2019 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. მოხდა აბონენტებთან ურთიერთობის მართვის პროგრამის სრულყოფა. ქოლ ცენტრის თანამშრომლებს და აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტების ნაწილს, ჩაუტარდათ ტრეინინგები სექტორში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებში და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.

2019 წელს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ გენდერული თანასწორობისა და ქალებისთვის პროფესიული წინსვლის კუთხით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ გამოცხადებული კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებული გახდა მსხვილი ბიზნესის სექტორში.

რაც შეეხება ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტს, მის ფარგლებში გრძელდება სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოძიებას.
შეხვედრაზე ცალკე საკითხად განხილულ იქნა მესტიის რაიონის ელექტრომომარაგების პრობლემა, არაგონივრულად გაზრდილი მოხმარება და დატაცების ფაქტები. აღინიშნა, რომ 2019 წლის დეკემბერში ზემო სვანეთის მოხმარებამ გადააჭარბა ჯამურად 19 რაიონის მოსახლეობის მოხმარებას.

“რეგიონალური პრესის წარმომადგენლებს გავაცანით 2019 წლის საქმინაობის ანგარიში, აგრეთვე განვიხილეთ 2020 წლის გეგმები. წარმოვადგინეთ არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი, რომელთა განხორციელებაც დასრულდა 2019 წელს. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესებული შედეგები, რა თქმა უნდა, აგრეთვე ვისაუბრეთ ნაკლოვანებებზე და ხარვეზებზეც, რომელთა გამოსწორებაც კომპანიის მთავარი ამოცანაა. ვთვლით, რომ 2020 წელი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანიის განვითარებისათვის.” - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

მისივე თქმით, კომპანია მიესალმება ევროპული რეგულაციების იმპლემენტაციას და ახალი ბაზრის მოდელის ჩამოყალიბებას ქვეყანაში. აღნიშნული ცვლილებები გარანტირებულად უზრუნველჰყოფენ ბაზრის მაქსიმალურ ლიბერალიზაციას, კონკურენციის და ინვესტიციების ზრდას დარგში. შესაბამისად, ერთის მხრივ მიღწეული იქნება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ხოლო მეორეს მხრივ კიდევ უფრო გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა „ენერგო-პროს“ კუთვნილ ჰიდროელექტროსადგურებში.